თბილისის მერიის განცხადებით, ქალაქში გამოჩენილ "არა ნაცებს" პლაკატებს ჩამოხსნიან. მერიაში აღნიშნავენ, რომ პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა და ქალაქის იერსახე დაამახინჯა.
"აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.
მსგავსი შინაარსის ბანერები წინასაარჩევნოდ 2018 წელსაც გამოჩნდა.